ტაქსების რეფორმის პარალელურად, საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ, რომ „აქსელი“ იქნება ისეთივე ტაქსის გამოძახების სერვისი, როგორც მაგალითად, ტაქსი მაქსიმი, My Taxi, თბილისი ტაქსი, იანდექს ტაქსი და სხვა, რომლებიც საქართველოში გამოძახებით მუშაობენ.
ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტის, ზურაბ აგლაძის თქმით, "აქსელის" შექმნის მიზანი ტაქსის მძღოლებისთვის, უფრო მოქნილი და ფინანსურად მომგებიანი სამუშაო პირობების შექმნაა და ფიქრობს, რომ აღნიშნული სერვისით განსაკუთრებით B კატეგორიის ტაქსის მძღოლები დაინტერესდებიან.
ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის "აქსელის" დაფუძნებას ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი რიჩარდ ყურაშვილი აპირებს. მისი თქმით, "აქსელი" ნულოვანი მოგების მიზნით ფუძნდება და პირველ ჯერზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ კომპანია, რომელიც მოგების გარეშე აპირებს მუშაობას, ეჭვს აჩენს, რომ საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული სხვა ტაქსის კომპანიების ჩაძირვაზეა ორიენტირებული, რაც ცუდია და ბაზარზე მონოპოლიას გამოიწვევს. ნაწილი, კი "აქსელის" დაფუძნებას დადებითად აფასებს, რადგან ფიქრობენ, რომ მისი ბაზარზე შემოსვლა ისეთი ქვეყნის ტაქსის კომპანიას გაუწევს კონკურენციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით საქართველოში ტაქსების რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც გასულ წელს მათი ლიცენზირებითა და რეგისტრაციით დაიწყო. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან რეფორმის ფარგლებში, თბილისში A და B კატეგორიის ტაქსებმა დაიწყეს მოძრაობა. როგორც ცნობილია A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერისაა და მგზავრის აყვანა ქუჩიდან და გამოძახებით შეუძლიათ. ისინი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, გადასახადის გარეშე უფასო პარკინგითაც სარგებლობენ, რაც B კატეგორიის ტაქსებზე არ ვრცელდება.
დღესდღეობით კი საქართველოში 16 ათასზე მეტი ლიცენზირებული ტაქსია, რომელთაგან დაახლოებით 8 000 A კატეგორიისაა, ხოლო 8 000 B კატეგორიის.