პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმოს, ამერიკას უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება, - ამის შესახებ მოძრაობა "თალიბანმა" განაცხადა.
სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ისლამისტურმა დაჯგუფებამ აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ "თალიბანის" ლიდერებთან დაგეგმილი საიდუმლო მოლაპარაკებების გაუქმებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
"ეს აშშ-ს უფრო მეტად დააზარალებს. ეს ანტისამშვიდობო პოზიცია მთელს მსოფლიოზე იმოქმედებს. მეტი ადამიანი დაიღუპება, გაიზრდება მატერიალური ზარალის რაოდენობაც",- განაცხადა "თალიბანის" წარმმადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოძრაობა "თალიბანთან" სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ტრამპმა განაცხადა, რომ "თალიბანის" ლიდერებთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში "თალიბანის" მიერ მოწყობილი თავდასხმების გამო, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან მოლაპარაკებები ჩაშალა.