თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გასახლებას ითხოვს. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლუკა მელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, 5 კორპუსის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ უსაფრთხო ადგილას გაესახლებინათ. მისივე თქმით, არსებობს აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გზის გაყვანის შემთხვევაში, მათ კორპუსებს დანგრევა ემუქრება. მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გამართვას არ გამორიცხავს.