თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარადგინონ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს "სითი პარკს" გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის იმპორტის წახალისების მიზნით, გასულ წელს დედაქალაქის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო.