თბილისის მერია უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 600 ობიექტია, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ამასთან, კალაძის თქმით, შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. მისივე ინფორმაციით, აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომელმაც შესაძლებელი გახადა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, ისევ ძალაში შევა.