დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას დღეიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მუნიციპალური სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება იყო. მისივე თქმით, პირველი ივნისიდან ასევე, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.