თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმის არსებითი განხილვა განახლდა. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, კერძოდ, სასამართლო დარბაზში მხოლოდ მხარეები იმყოფებიან, თავად ბრალდებული კი, პროცესს დისტანციურად ვიდეოზარის მეშვეობით ესწრება. პროცესზე ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს. ისინი ექსპერტ-კრიმინალისტები არიან. გიორგი რურუას ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ასევე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ უკავშირდება, რომლის მეწილეც რურუაა. ბრალდების მხარის პოზიციით კი, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც რურუას დანაშაულს ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სასამართლომ ბოლო პროცესზე პატიმრობაში დატოვა.