თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს - კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საუბარია სტუდია მონიტორის მიერ რადიო თავისუფლების საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად განუმარტავს "ჯი ვი პი"-ის მიერ ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესს. კერძოდ, წყლის მოპოვების პროცესი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს - პირველ ეტაპზე, კომპანია, ნედლ წყალს მოიპოვებს მდინარე არაგვიდან, ბულაჩაურის, ნატახტრის, მისაქციელის წყალშემკრები აუზებიდან და თბილისის წყალსაცავიდან (თბილისის ზღვიდან). თბილისის წყალსაცავის შემთხვევაში ნედლი წყლის წყალაღება ხდება ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცულ ტერიტორიაზე, 10 მეტრის სიღრმიდან.