თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
როგორც მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეუმსუბუქეს და მას ძალადობას ედავებიან. ადვოკატის თქმითვე, მერაბ ხიდაშელი ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს.
რაც შეეხება მამუკა გურჩიანს, მისი ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განმარტებით, დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა, აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი ბიზნესდავას არ უკავშირდება. მერაბ ხიდაშელის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.