თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ახალ, ლურჯ სამარშრუტო ტაქსებში მთვლელებს კომპანია “იუჯითი” დაამონტაჟებს.
ცნობისათვის, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ გამოაცხადა. პირველი ტენდერი შეწყდა, რისი მიზეზიც კომპანია softmaster-ის საჩივარი გახდა.
მეორე ტენდერი კი სააგენტომ უკვე ივნისში გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 26 ივლისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 მილიონ 650 ათასი ლარი იყო. ტენდერში წინადადება ორმა კომპანიამ - „იუჯითიმ“ და შპს „ბი-2-ბიმ“ წარადგინა. ამ უკანასკნელს სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა. შედეგად, ტენდერში კომპანია „იუჯითიმ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.
ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს. გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, უნდა მიაწოდოს.