თბილისში "უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტ გარემოს შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ინტერნეტ გარემო, უსაფრთხოების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგები, არსებული გამოწვევები, მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვების და ახალგაზრდების მიერ ინტერნეტის უსაფრთხო და უფრო მეტი პასუხისმგებლობით სარგებლობის მხარდაჭერას.ღონისძიებაზე ასევე განიხილეს სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის, ინტერნეტით უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, ევროკავშირის დახმარებით და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა. ამჟამად კი ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინტერნეტ უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვნად დაიცავს ადამიანებს იმ საფრთხეებისგან, რომელიც ინტერნეტ სივრცეში არსებობს.