თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულებია არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს - მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.