ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.როგორც პროკურორმა ნანა ხუნჯუამ პროცესზე განაცხადა, გამოვლინდა, რომ მალხაზ ტოხოსაშვილი არის „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გამზიარებელი, ვინაიდან გამოძიების ფარგლებში მტკიცდება, რომ ტოხოსაშვილს ინტერნეტკავშირი აქვს "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებთან.ბრალდებას არ ეთანხმება თავად ბრალდებული. ადვოკატის განცხადებით, ტოხოსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არანაირი ფორმა არ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ალტერნატივის სახით სასამართლოს 2 000 - ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.სუს-მა ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით მალხაზ ტოხოსაშვილი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრევა.