კომპანია Tesla-ს მოუწია დროებით შეაჩეროს ბერლინის მახლობლად პირველი ევროპული გიგაქარხნის მშენებლობა. ამის მიზეზი ადგილობრივი ფაუნა გახდა.
კონკრეტულად კი, გველები და ხვლიკები, რომელთა პოპულაციას Gigafactory Berlin-Brandenburg-ის ქარხნის მშენებლობა უქმნის საფრთხეს. The Guardian-ის ცნობით, ეკოაქტივისტებმა ტყის გაჩეხვაზე დროებითი სამართლებრივი აკრძალვის მოპოვება შეძლეს.
სასამართლო სარჩელი Tesla-ს წინააღმდეგ გერმანიის ორმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ: "ბრანდენბურგის მწვანე ლიგამ“ და “ბავარიის ბიომრავალფეროვნების ასოციაციამ“ შეიტანა. მათ სასამართლოსგან 83 ჰექტარი ტყის გაჩეხვის აკრძალვა მოითხოვეს, რომელიც ბერლინის სამხრეთით მდებარეობს. სარჩელის პასუხად კი, ფრანკფურტ-ონ-ოდერის ქალაქის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საქმის განხილვამდე ამერიკულ კომპანიას მშენებლობას უჩერებს.
ცნობისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ეკოლოგების ბრძოლა Tesla-ს წინააღმდეგ უკვე თვეებია, რაც გრძელდება. თებერვალში ბერლინის უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და კომპანიას დროებითი მუშაობის უფლება მისცა. თუმცა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმაღლესი ინსტანცია, არ არის ცნობილი.