აშშ რუსულ საქონელზე იმპორტის გადასახადს 35%-მდე გაზრდის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადასახადის გაზრდა შეეხება საქონელს, რომლის იმპორტიც სანქციებით არ არის აკრძალული. ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „სამართლიანია და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს შეესაბამება.“ პრეზიდენტი უფლებას იტოვებს, გადახედოს გადაწყვეტილებას, „თუკი ეს საჭირო გახდა.“
აღნიშნულ განკარგულებასთან ერთად თეთრ სახლს ჯერ არ გამოუქვეყნებია იმ საქონლის სია, რომლის იმპორტზეც გადასახადი იზრდება.
გაზაფხულზე, უკრაინაში შეჭრის გამო, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ვაჭრობაში შეღავათით მოსარგებლე ერის სტატუსი ჩამოართვა. ამ სავაჭრო სტატუსის ცვლილება ქვეყნისთვის პრივილეგიების გაუქმებასა და მისი პროდუქციის იმპორტზე ტარიფების გაზრდას იწვევს. მსგავსი ზომები რუსეთს G7-ის სხვა ქვეყნებმაც დაუწესეს.