ჩინურმა კომპანიამ ByteDance, რომელსაც ეკუთვნის აპლიკაცია TikTok, მიიღო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან გლობალური სათავო ოფისის შექმნაზე მოლაპარაკებები შეაჩეროს.
როგორც გამოცემა The Sunday Times-ი იუწყება სათავო ოფისის გახსნა ბრიტანეთში 3 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს გააჩენდა. გამოცემის ცნობით, ჩინურმა კორპორაციამ მოლაპარაკებები აწარმოა ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში და პრემიერის წარმომადგენლებთან, თუმცა, როგორც გამოცემას წყარო უყვება, მოლაპარაკებები შეწყდა „უფრო ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტის“ გამო.
წყაროს ცნობით, კომპანია სათავო ოფისის გახსნაზე მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს, რაც დასავლეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დალაგდება. მისივე თქმით, მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულად ჩაიარა, თუმცა მისი განახლების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს.