კორონავირუსის პანდემიის გამო თხილის ნაწილი გასაყიდი დაგვრჩა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის გადამამუშავებელ კომპანიაში „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსში” განუცხადეს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა პროდუქციის ამ ნაწილის გაყიდვა შედარებით დაბალ ფასში მოუწევთ.
როგორც სხვა ყველა ბიზნესი, კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა თხილის სექტორიც. როგორც საწარმოში აცხადებენ, ბაზარზე მოთხოვნა არ იყო. რის გამოც სექტორის წარმომადგენლებს პრობლემები შეექმნათ. თუმცა, მისივე თქმით, გაყიდვის პრობლემა არ ექნებათ, რადგან წინა სეზონის თხილი ყოველთვის იყიდება და არ რჩება.
სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანია წლის განმავლობაში საშუალოდ 2 ათას - 2 ათას 500 ტონა თხილს ამუშავებს. სეზონზე კომპანიაში 80 ადამიანი, არასეზონზე კი 30 პირია დასაქმებული.