2020 წლის ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 21 მილიონ 800 ათასი დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის თითქმის, იდენტურია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ქვეყნიდან უცხოეთში ასევე 21 მილიონ 800 ათასი დოლარი გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთში 6 მილიონ 824 ათასი დოლარი გადაირიცხა. მას მოსდევს თურქეთი - 4 მილიონ 362 ათასი დოლარით, მე-3 ადგილზეა უკრაინა - მილიონ 961 ათასი დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი აზერბაიჯანი და საბერძნეთი იკავებენ, სადაც შესაბამისად, მილიონ 396 ათასი და მილიონ 48 ათასი დოლარი გადაირიცხა. ათეულში ხვდებიან ასევე: სომხეთი, იტალია, ყაზახეთი, უზბეკეთი და გერმანია.
ცნობისთვის, 2020 ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 12.5%-ით მეტია 2019 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასულ წლის ნოემბერში ქვეყანაში 151 მილიონ 42 ათასი დოლარი ჩაირიცხა.