2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 463 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი მილიარდ 1 მილიონ 300 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 462 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 215 მილიონ 700 ათასი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 134 მილიონ 800 ათასი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 91 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის, მხოლოდ ოქროსა და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტია გაზრდილი. კერძოდ, ოქროს ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 38.1%-ით, ხოლო სპილენძის მადნების - 10.4%-ით არის გაზრდილი.
ზემოთ ნახსენები 5 პროდუქტის გარდა, 2020 წლის იანვარ-აპრილში ტოპ-10 საექსპორტო პროდუქტს შორის იყო: ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, აზოტოვანი სასუქები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, სპირტიანი სასმელები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები.