2020 წელს საქართველომ კორეაში ექსპორტით 6 მილიონ 259 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება იმპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში 57 მილიონ 995 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.
როგორც ცნობილია, ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით კორეის 52 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევის პროცესი უკვე დაწყებულია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელსაც ვყიდულობთ კორეაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ კორეადან ღირებულებით ყველაზე მეტი 19 მილიონ 150 ათასი დოლარის კოსმეტიკური, მაკიაჟის ან კანის მოვლის საშუალებები შემოიტანა; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 11 მილიონ 60 ათასი დოლარით; კორეადან იმპორტირებულ პროდუქტებს შორის მე-3 ადგილზეა დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტები - 10 მილიონ 920 ათასი დოლარით;
იმპორტირებული პროდუქტების ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს ნახშირბადიანი ფოლადისგან დამზადებული ბრტყელი ნაგლინი და ბულდოზერები, ავტოგრეიდერები და ესკავატორები იკავებენ, რომელთა იმპორტმაც 7 მილიონ 230 ათასი და 6 მილიონ 760 ათასი დოლარი შეადგინა.