2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 197 მილიონ 162 ათასი დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, გასული 2 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტი 208,6%-ით გაიზარდა და 65 მილიონ 15 ათასი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი, გასული 2 თვის განმავლობაში 7%-ით შემცირდა და 132 მილიონ 145 ათასი დოლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოდან ჩინეთში ჯამში, 20 მილიონ 628 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.
ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალში ლიდერობს - სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტმაც 13 მილიონ 110 ათასი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - 3 მილიონ 666 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა - სხვა მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 886 ათასი დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ყურძნის ნატურალური ღვინოები და კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები იკავებენ, შესაბამისად, 767 ათასი და 591 ათასი ამერიკული დოლარით.