2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 197 მილიონ 162 ათასი დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, გასული 2 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტი 208,6%-ით გაიზარდა და 65 მილიონ 15 ათასი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი, გასული 2 თვის განმავლობაში 7%-ით შემცირდა და 132 მილიონ 145 ათასი დოლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, ჩინეთდან სულ 67 მილიონ 137 ათასი ამერიკული დოლარის საქონელი შემოვიდა.
ტოპ-5 იმპორტირებულ პროდუქტს შორის ლიდერობს - სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 2 მილიონ 667 ათასი დოლარით; მას მოსდევს სხვა სახის ფეხსაცმელი პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით 2 მილიონ 268 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა - შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები, რომლის იმპორტმაც მილიონ 813 ათასი დოლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი რეზინის პნევმატური სალტები და ახალი საბურავები და ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები იკავებენ, შესაბამისად, მილიონ 556 ათასი და მილიონ 241 ათასი დოლარით.