აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტს მას სრული უფლება ჰქონდა რუსეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.„როგორც პრეზიდენტს მე მსურდა თეთრ სახლში გამართულ ღია შეხვედრაზე ტერორიზმთან და საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტები გამეზიარებინა რუსეთისთვის. ამას ჰუმანიტარული მიზეზები ჰქონდა, პლუს ის, რომ მე მსურს, რუსეთმა გააქტიუროს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.დღეს, ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.გაზეთის ინფორმაციით, „ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდის“.აღნიშნულ სტატიას აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერი გამოეხმაურა, რომელიც ასევე ესწრებოდა ტრამპსა და ლავროვს შორის შეხვედრას.„პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთო საფრთხეები განიხილეს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციებისგან მოდის. პრეზიდენტს არ განუხილავს დაზვერვის წყაროები ან მეთოდები, არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ“, - აღნიშნა მაკმასტერმა.