Transneft-მა დაბინძურებული ნავთობის გამო მომხმარებლებს 72,5 მლნ დოლარი გადაუხადა - Palitra News

Transneft-მა დაბინძურებული ნავთობის გამო მომხმარებლებს 72,5 მლნ დოლარი გადაუხადა

2020-06-12 08:25:26+04:00

ნავთობსადენის მონოპოლისტმა კომპანიამ Transneft ნავთობის დაბინძურების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით შემსყიდველებს იანვარ-მარტში 5 მილიარდი რუბლი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მილსადენის „დრუჟბას“ დაბინძურების გამო, Transneft-მა 26 მილიარდ 100 მილიონი რუბლის კომპენსაციიდან 8 მილიარდ 200 მილიონი რუბლი გასული წლის მეოთხე კვარტალში და 2020 წლის პირველ კვარტალში უკვე გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ მილსადენი „დრუჟბა“ 2019 წლის 25 აპრილიდან 10 ივნისამდე ბლოკირებული იყო და ევროპულ სახელმწიფოებს რუსული ნავთობი არ მიეწოდებოდათ. მილსადენის ჩაკეტვის მიზეზი 5 მილიონი ტონა დაბინძურებული ნავთობი გახდა, რომელიც დასაშვებზე დიდი რაოდენობით კოროზიულ ნივთიერებებს - ქლორიდებს შეიცავდა. შედეგად მომხმარებლებმა ზარალის ანაზრაურება მოითხოვეს.

Transneft- ის დირექტორთა საბჭომ მოგვიანებით დაამტკიცა დაბინძურებული ნავთობის კომპენსაციის მოცულობა და ის ბარელზე არა უმეტეს 15 ამერიკული დოლარით განისაზღვრა, მაგრამ ეს მყიდველებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.