ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული სამი პაციენტი მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, მცხეთაში გადაყვანილ ოთხ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი მათგანი ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.თალაკვაძის ინფორმაციით, სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების ცნობით, არ არის გამორიცხული მათ განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდეს.რაც შეეხება იაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ ორ არასრულწლოვანს, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ერთი მოზარდი გუშინ გაწერეს, ხოლო მეორე პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს გუშინ შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.