ცენტრალური ბანკები წელს უფრო მეტ ოქროს ყიდიან, ვიდრე ყიდულობენ და ეს 2010 წლის შემდეგ პირველად ხდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ოქროს ფასი არნახულად მაღალია და ბანკები მისი გაყიდვით, დამატებით შემოსავალს ღებულობენ. მიღებულ თანხას კი ქვეყნები კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად იყენებენ.
ოქროს მსოფლიო საბჭოს ინფორმაციით, აგვისტოში ოქროს ფასმა რეკორდი რამდენჯერმე განაახლა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მასზე, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტზე, მსოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა. ამის შემდეგ, მესამე კვარტალში, ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს ჭარბი მარაგების გაყიდვა დაიწყეს.
„ბლუმბერგი“ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ოქრო უზბეკეთმა და თურქეთმა გაყიდეს. ცენტრალური ბანკების მიერ, დიდი ოდენობით ოქროს გაყიდვამ, ძვირფას მეტალზე მოთხოვნა შეამცირა, რასაც მასზე ფასის კლება მოჰყვა. კერძოდ, თუ აგვისტოში უნციის ფასი 2 ათას 75 დოლარი იყო, ოქტომბრის ბოლოს ათას 866 დოლარამდე ჩამოვიდა. მესამე კვარტლის მონაცემებით, ოქროზე საშუალო წლიური მოთხოვნა 19 პროცენტით არის შემცირებული.