ყველაფერი ძვირფასის შესანახად ადამიანმა მოიგონა ჭურჭელი ან სათავსო, სადაც მოცემულს მოათავსებდა. მათ შორის სიტყვისთვისაც შექმნა წიგნი, რომელიც უამრავი ადამიანის ნააზრევს ინახავს და გადასცემს შემდეგ თაობას. google-ის მონაცემებით ამ დროისთვის მთელი დედამიწის მასშტაბით 129 864 880 წიგნია რეგისტრირებული, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ამ ციფრების ზუსტად დადგენისა და უნიკალური წიგნების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. მათ შორის არის გამორჩეული ლიტერატურა, რომლის მნიშვნელობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. შინაარსი, მის შესაქმნელად დახარჯული რესურსი, რაც თითოეულ ფურცელზეა ასახული და ასაკი, რომელიც ხშირად განაპირობებს მის ღირებულებასაც.
დღემდე რელიგიურ ლიტერატურას ნებისმიერ კონფესიაში ყველაზე მეტად აფასებს ადამიანს, რასაც ინტერესებიდან გამომდინარე მხატვრული ან სპეციალიზებული ლიტერატურა მოსდევს. გამოცემები კი გამუდმებით მუშაობენ თითოეული ნაწარმოების ისეთ წიგნში მოსათავსებლად, რომელიც მის მომხმარებლამდე მიტანასაც უზრუნველყოფს. დიზაინი, რომელიც წიგნის მასშტაბის, მისი გაფორმებასა და შრიფტის ზომასაც ითვალისწინებს ავტორისთვის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია მკითხველამდე. ნაწარმოების თუ თავად წიგნის საუკუნოვანი ისტორია კი ფურცლების სიძველესაც კი აბათილებს მასში არსებული მასალის ხარისხის გამო. რატომ იყო წიგნი ძვირფასი საჩუქარი? როგორ ვითარდებოდა მისი ისტორია და არის თუ არა სრულყოფილი ის დღეს მკითხველის ინტერესებსა და აუცილებლობაზე მორგებული? დღევანდელი მოგზაურობა წიგნთან ერთად ბევრ საინტერესო ამბავსაც აღმოგვაჩენინებს. პირველ ლიტერატურულ ნამუშევრად ითვლება ასურულ-ბაბილონური ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ლიტერატურული ძეგლი -გილგამეშის ეპოსი, რომელსაც საფუძვლად მეფე გილგამეშის შუმერული თქმულებები უდევს. დღეისთვის შემორჩენილი 12 ფირფიტიდან ბოლო განსხვავებული შინაარსის არის, თუმცა როგორც უძველესი ლიტერატურული ძეგლი ის ნათარგმნია ევროპულ თითქმის ყველა და აღმოსავლურ ზოგიერთ ენაზე. ქართულად 3 დამოუკიდებელი თარგმანი არსებობს სახელწოდებით -„გილგამეშიანი“. თიხის ფირფიტებზე დატოვებული მონათხრობი მეცნიერების ინტერესის ულევი წყაროა როგორც იმ პერიოდის ფილოსოფიის სიღრმის ასევე თავად ნაწარმოების შენახვის ფორმით.