წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა ყველას მიულოცა წმინდა გიორგის დღესასწაული. პატრიარქმა ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის მამას ერქვა გიორგი და გიორგობის დღესასწაულზე განსაკუთრებული ზეიმი იყო მათ სახლში. მისივე თქმით, საქართველოში 12 მეფე იყო, რომელსაც გიორგი ერქვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიულოცა. ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვა-ლოცვას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.