იტალიურმა ბანკმა ბიფიემმა ცნობილ იტალიელ მილიონერს, რომელმაც სახელი ცეკვით გაითქვა, ქონება დაუყადაღა. ჯანლუკა ვაკის დაყადაღებული ქონება მოიცავს რამდენიმე იახტას, ვილებს და წილს გოლფ-კლუბში. დაყადაღებული ქონება ფინანსურ უზრუნველყოფას წარმოადგენდა 2008 წელს აღებულ 10 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტზე. როგორც იტალიური მედია იუწყება, მილიონერის აქტივების დაყადაღებამ დომინოს ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს: მისი საინვესტიციო ჰოლდინგის დავალიანების საერთო მოცულობა თითქმის 30 მილიონ ევროს შეადგენს.
იტალიელი ბიზნესმენი ჯანლუკა ვაკი ბოლონიაში დაიბადა. 49 წლის მილიონერის ქონება 450 მილიონი დოლარია. ვაკი საკუთარი ბიზნესის გარდა, მეტწილად ცნობილია ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილით. მისი ინტერესთა სფერო ცნობილ სელებრითებს, ტელევიზიასა და ფეხბურთს მოიცავს. სოციალურ ქსელებში ის ხშირად აქვეყნებს მდიდრულ იახტებსა და ძვირადღირებულ ავტომობილებში ნახევრადშიშველ მოდელებთან გადაღებულ ფოტოებს.