კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში, 4 ნოემბრიდან შევიდა. მათ შორის სახელი შეეცვალა უწყებასაც და მას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეწოდება.
იმ ცვლილებების თანახმად, რომელიც 4 ნოემბრიდან შევიდა კანონმდებლობაში, დაწესდა სანქცია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევებზე. სანქციის სახით კანონდამრღვევს ბრუნვის 1%-მდე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამასთან, საქმის მოკვლევის, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის და მონიტორინგის პროცესში, ეკონომიკური აგენტების მხრიდან სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდება სავალდებულო გახდა. წესის დარღვევის შემთხვევაში - ფიზიკური პირი ათასი, იურიდიული პირი კი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით, გაიზარდა ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების სრულყოფილად შესწავლის პერიოდი და მოკვლევის მაქსიმალური ვადა, 10 თვის ნაცვლად, 18 თვით განისაზღვრა.