თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, მე გავანადგურებ მის ეკონომიკას, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "თეთრ სახლში" ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს, თუკი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა, თურქეთს სანქციები დაუწესოს, თუკი თურქები ქურთებს ჰუმანურად არ მოექცევიან. ეს განცხადებები დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ არა მხოლოდ "დემოკრატების" არამედ ტრამპის თანაგუნდელ "რესპუბლიკელების" კრიტიკა დაიმსახურა.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილმა, "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა ლიზ ჩეინიმ, განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, მიეტოვებინა მოკავშირე ქურთები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს ებრძვიან, საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეხმარება აშშ-ის მეტოქეებს - რუსეთს, ირანსა და თურქეთს. მისი თქმით, "კონგრესმა ამ გადაწყვეტილების კატასტროფული შედეგების წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს".