საოცრად ნიჭიერმა შემოქმედმა, რომელმაც პირველი ხმოვანი და სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმები შექმნა არა მხოლოდ პატარა მაყურებლის სიყვარული მოიპოვა, არამედ კოლეგების პატივისცემაც დაიმსახურა, რადგან ერთგვარი გადატრიალება მოახდინა და ანიმაციური კინო ნამდვილ ხელოვნებად აქცია.
უოლტერ ელიას დისნეი 1901 წლის 5 დეკემბერს დაიბადა ჩიკაგოში ღარიბი დურგლის მრავალშვილიან ოჯახში. პატარა უოლტის ცხოვრება აბსოლუტურად არ ჰგავდა იმ ზღაპარს, რომელსაც მოგვიანებით თავად მოუთხრობდა ბავშვებს, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში ჩიკაგო ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ქალაქად ითვლებოდა. დისნეის ოჯახს დიდხანს ვერ ბედავდა საცხოვრებლის შეცვლას, თუმცა მეზობელ ქუჩაზე მომხდარმა ინციდენტმა, რომელმაც ნაცნობი პოლიციელი იმსხვერპლა, უოლტის მამას ოჯახის აბარგება და ძმასთან მისურის შტატის ქალაქ მარსელინში გადაბარგება აიძულა, სადაც მცირე ფერმა შეიძინა, თუმცა სიღატაკეს მაინც ვერ დააღწია თავი.
განსაკუთრებით დაიჩაგრა 4 წლის უოლტერი. ადრეული ასაკიდან ხატვით გატაცებულმა ბიჭუნამ მთელი სახლის კედლები მურით მოხატა, თუმცა შექების ნაცვლად მშობლების წყრომა დაიმსახურა, რომელთაც არც მისი გატაცება მიიღეს სერიოზულად, არც ფანქრების შესაძენად გაიმეტეს დანაზოგი. უოლტს მხოლოდ მაშინ გაუმართლა, როცა მეზობლად მცხოვრებმა დოქტორ შერვუდმა საკუთარი ცხენის დახატვა დაავალა და 25 ცენტიც გადაუხადა. სწორედ წარმატებულმა ნამუშევარმა და სოლუდურმა გასამრჯელომ გადააწყვეტინა დისნეის ხატვის გაგრძელება, თუმცა მიხვდა, რომ გატაცება საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდა.