ზოგიერთი ბავშვი საერთოდ არ ჭამს ხილს და ბოსტნეულს. უპირატესობას პურსა და ორცხობილას ანიჭებს. თანამედროვე, თეთრი ფქვილისგან და საფუვრისგან დამზადებული პური მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო, ამიტომ წარა-მარა მის მიწოდებას ბავშვისთვის ნამდვილად არ გირჩევთ. განსაკუთრებით ეს ახალგამომცხვარ, თბილ და გამოუშრობ პურს ეხება. ის არამარტო ცუდად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, დატვირთვაა კუჭქვეშა ჯირკვლისთვისაც, რომელიც ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. აუცილებელია გახსოვდეთ,რომ პურს უბრალოდ დესერტად ან წასახემსებლად ნუ აქცევთ . დაიცავით ზომიერება. პური 8 თვის ასაკიდან ერთვება ბავშვის მენიუში და ეცადეთ, ის ყოველთვის ნაკლებგაფუებული და მეორე დღის იყოს.
ასევე არასწორია პურის ჩაყრა წვნიანში. პურის მოკბეჩას და ღეჭვას გარკვეული ფუნქცია გააჩნია და ეს აქტივობა ბავშვმა არ უნდა გამოტოვოს. თუ ვერ კბეჩს, თქვენ დაუნაწევრეთ და აცადეთ, დაღეჭოს. ბავშვი სრულყოფილად უნდა იკვებებოდეს. მის მენიუში უნდა იყოს: თევზი და ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული. თუ ყოველ ჯერზე სადილს თითო ნაჭერ პურს ატანს, ეს ნორმალურია.