უცხოელ ტურისტებს, რომელთაც კვიპროსში მოგზაურობისას COVID-19 აღმოაჩნდათ, დასვენების ხარჯები აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ Associated Press-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, იგეგმება სასტუმროს, მედიკამენტების და პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების საკვების ანაზღაურება. ტურისტებს მხოლოდ აეროპორტამდე ტრანსფერის და სამშობლოში დაბრუნების ხარჯის დაფარვა მოუწევთ. გარდა ამისა, ექსკლუზიურად ტურისტებისთვის გამოყოფილია 100-საწოლიანი საავადმყოფო, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში საწოლების რაოდენობა გაიზრდება.
კვიპროსი კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. 1-ლი ივნისიდან ყველა სასტუმრო გაიხსნება, 9 ივნისიდან კი კუნძული ფრენებს 13 ქვეყანასთან აღადგენს, მათ შორისაა - გერმანია, ისრაელი, საბერძნეთი, დანია, უნგრეთი, ბულგარეთი და ა.შ.