უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პარტნიორებისგან რუსული „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და SWIFT-ისგან მის გათიშვას მოითხოვს. ამის შესახებ დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა, რასაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რუსული „გაზპრომბანკი“ ნავთობისა და გაზის ევროპული გადასახადების მიღებასთან ერთად, რუსი სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელად გამოიყენება.
როგორც ცნობილია, 3 ივნისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირმა სპეციალიზებული ფინანსური შეტყობინებების სერვისზე (SWIFT) წვდომა დამატებით სამ რუსულ უმსხვილეს კრედიტორს, „სბერბანკს,“ მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკს, ასევე, ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს აუკრძალა.