უკრაინაში 2016 წელს მოკლული გამომძიებელი ჟურნალისტის საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან როკმუსიკოსი და ქირურგი. როგორც უკრაინის საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, 44 წლის ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის მოტივი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო. წარმოშობით ბელარუსი ჟურნალისტი, 2016 წლის ივლისში ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა.
გამოძიების მიხედვით, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა პროფესიით ქირურგმა მოათავსა, მას როკმუსიკოსი დაეხმარა. ორივე მათგანი მოხალისეები იყვნენ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, პაველ შერემეტი ბელარუსიდან გაიქცა, და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. თუმცა, 2014 წელს უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად, ვინაიდან თავს უსაფრთხოდ ვერც მოსკოვში გრძნობდა. იგი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მეგობარი იყო.