უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი მუქარას შეასრულებს და ლტოლვილებს "ევროპისკენ კარს გაუხსნის", უნგრეთი იძულებული იქნება "ძალა გამოიყენოს" სერბეთთან საზღვრის დასაცავად. მისივე თქმით, თურქეთი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ მოაგვაროს ლტოლვილების საკითხი, გაგზავნოს უკან სირიაში თუ გზები გახსნას ევროპისკენ.
"თუ თურქეთი ამ უკანასკნელს აირჩევს, ეს ადამიანები უნგრეთის სამხრეთ საზღვრიდან შეეცდებიან ევროპაში შესვლას", - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ევროკავშირმა თურქეთს მეტი თანხა უნდა გამოუყოს, სირიის ქალაქების ხელახლა ასაშენებლად.
შეგახსენებთ, 2015 წელს, უნგრეთის გადაწყვეტილებით, სერბეთის საზღვართან ღობე აღმართეს მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად. რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი არ შეწყვეტდა თურქეთის ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, თურქეთი 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ "გზას გაუხსნიდა".