02:50
5 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
ურმიდან "ტოიოტას" ჯიპამდე - რთველი კახეთში
27-09-2017

როცა ყურძნის მტევანში მარცვალი დაიბერება, ფერი აიმღვრევა და სიმწიფისკენ გაიპარება, ეს იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი დაიწყო... დაიწყო და უკვე დასარულისკენ მიდის. გლეხები მწვანე მარცვლების ქარვისფრად გადაფერვას მთელი წელი ელოდებიან. თუ ამინდმა მოწყალება გამოიჩინა და მიწათმოქმედებს მზის ხორბლისფერი სხივები და უწყინარი წვიმის წვეთები თანაბრად უბოძა, კახელების ნასათუთები და ნაფერები მოსავალი წლის სარჩოდ იქცევა.
ვაზის ფოთლებს შორის მთვარისფერი რქაწითელის გრძელი და სავსე მტევნები უხვად გამოიყურებიან. ოზბეთელაშვილები ამ ვენახში 32-ე რთველს ჩაატარებენ. ოჯახის უფროსი მსხმოიარე ვაზით კმაყოფილია, თუმცა წინა წლებთან შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდება. გლეხის სარჩო ხომ ამინდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. წელს სეტყვას გადარჩენილ ყურძენს დაკრეფს, მერე დააბინავებს და მისი ნაჟურის მისაღებად მოემზადება...
ბარაქიან კახეთს ახლა, ყველაზე მადლიანი დრო უდგას. სულ რამდენიმე ვენახი დარჩა დასაკრეფი. მოსავალი ზოგმა გაყიდა, ზოგმაც ღვინის დასაწურად შეინახა. უამინდობისგან შეშინებულმა გლეხებმა უკვე იციან, რომ მათი ჯაფა დაფასდა და წლის სარჩოც მოპოვებულია. დამსახურებულად დაისვენებენ დანაშრომს შეექცევიან და მერე უხვი მოსავლის აღებისთვის ოფლს ისევ ვენახში დაღვრიან, ხელის მტევნები კვლავ დაეკოჟრებათ მძიმე ჯაფისგან, ყურძნის მტევნები ასეთ „მსხვერპლს“ ითხოვენ... მომავალ წელს ღვინო ისევ დაიწურება, ყველა მარანში ღვთიური სითხე ისევ დადუღდება, ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხის სასიამოვნო არომატი არე-მარეს გამოაფხიზლებს, ტრადიციულად სასმისები შეივსება და სტუმრებთან თავს ისევ ღვინის სამშობლოდან მოიწონებენ. წელს, ცამდე აღწევს ვაზის მათრობელა სურნელი და კავკასიონის თავს ანათებს მთვრალი მთვარე.  

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები