მსოფლიო კინოს ერთ-ერთი საუკეთესო განგსტერული დრამა - მარტინ სკორსეზეს "კაზინო", რეჟისორის იმ სახასიათო, კრიმინალურ ციკლს მიეკუთვნება, რომელმაც ცნობილი ფილმები "ბოროტი ქუჩები", "კარგი ბიჭები" და მოგვიანებით დადგმული "განდგომილები" გააერთიანა, რადგან ახალ ნამუშევარში სკორსეზე ისევ ძველ და კარგად ნაცნობ - ადამიანის აღმავლობის და დაცემის, ამერიკული ოცნებისკენ ბინძური მეთოდებით გამალებული სწრაფვის თემას დაუბრუნდა. ფილმი ნიკოლას პილეჯის და ლარი შანდლინგის ამავე სახელწოდების პუბლიცისტური რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელიც მკითხველს აზარტული თამაშების "ოქროს ხანაზე" და 1970-იან წლებში სკანდალურად ცნობილი ფრენკ როზენტალისა და განგსტერის ენტონი სპილოტროს ისტორიას მოუთხრობს. მართალია, 5-თვიანი მუშაობის შემდეგ სკორსეზემ და პილეჯიმ გულდასმით დაამუშავეს ფილმის სცენარი ყველა დიალოგის ჩათვლით, მაგრამ გადასაღებ მოედანზე მაინც მისცეს მსახიობებს იმპროვიზაციის უფლება, რამაც აბსოლუტურად გაამართლა, რადგან ჯეიმს ვუდსის (ლესტერ დაიმონდი) რეპლიკათა უმეტესობა სწორედ ექსპრომტადაა მოფიქრებული. სხვათაშორის, სწორედ იმპროვიზაციის წყალობით იქცა "კაზინო" მსოფლიო კინოს ყველაზე უცენზურო ფილმად, სადაც სიტყვა fuck 422-ჯერ, პრაქტიკულად ყოველ 2 წუთში ერთხელაა გამოყენებული. რეკორდი თითქმის 20 წელი შენარჩუნდა, სანამ 2013 წელს, ისევ სკორსეზეს ფილმმა "უოლ-სტრიტის მგელი" არ დაჯაბნა წინამორბედი და ამერიკელი მაყურებლისთვის ასე ჩვეული fuck 687-ჯერ არ გამოიყენა.