Bloomberg-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის გეგმაზე ციფრული იუანის გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემებს აგროვებს. ამერიკის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ პეკინი ამ ვალუტის დახმარებით მსოფლიოში დოლარის როლის შესუსტებას შეეცდება.
სააგენტოს წყაროს ცნობით, შტატების ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ გაააქტიურეს ძალისხმევა, რათა გაიგონ, თუ როგორი შედეგი იქნება ამ ვალუტის ამოქმედების შემთხვევაში. ისინი შიშობენ, რომ ციფრული იუანის გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიქცევა ბერკეტად დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის როლის შესამცირებლად.
ამერიკულ მხარეს კონკრეტულად აინტერესებს, თუ როგორ გავრცელდება ციფრული ვალუტა, იქნება თუ არა შესაძლებელი მისი დახმარებით ამერიკული სანქციების გვერდის ავლა და როგორი იქნება ამ ვალუტის გავლენა მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინური ციფრული ვალუტის წინააღმდეგ რაიმე ზომის მიღებას ამ დროისთვის არ გეგმავს.