უცნაურია, მაგრამ თანამედროვე სამყაროში პოპულარობას არა მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული გენიოსები, არამედ ყველაზე სასტიკი კრიმინალებიც ხშირად იძენენ. სწორედ ამგვარი წარმატების საუკეთესო მაგალითია კოლუმბიელი ნარკობარონესა გრისელდა ბლანკო. "შავი ქვრივის" და "ლა მადრინას", "ნათლიდედას" და "კოკაინის დედოფლის" სახელით ცნობილი ბლანკა, იმ "ნარკოპიონერებს" შორისაა, ვინც 1970-1980-იან წლებში კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში კოკაინის კონტრაბანდით შექმნა მრავალმილიარდიანი იმპერია. დონნა ბლანკოს ძლევამოსილებაზე, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევრის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და გავლენიან პერსონად ითვლებოდა, სისასტიკით კი, თავად პაბლო ესკობარსაც არ ჩამორჩებოდა, დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა, რადგან სწორედ მის ანგარიშზეა სულ მცირე 240 მკვლელობა.