მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირიდან, კერძოდ, სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან, "მზიურის" პარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 სექტემბერს დაიწყება და 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 111 ათას 100 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ხიდი ადაპტირებული იქნება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასევე ველოსიპედისტთა გადასაადგილებლად. ამასთან, ხიდიდან პარკში ჩამოსასვლელად გათვალისწინებული უნდა იყოს პანდუსები, ლიფტები, კიბეები და სხვა ვერტიკალური გადაადგილებისთვის საჭირო მოწყობილობები.