მოდა ტანსაცმლის და გარკვეული აქსესუარების ტარების, მათი მოხმარებისა და ასევე შექმნის დამკვიდრებული ტენდენციაა დროის განსაზღვრულ პერიოდში. ეს პროცესი როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. დროთა განმავლობაში ახალი მიმდინარეობით იცვლება, რის გამოც იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება. დღევანდელ გადაცემაში მოდის სამყაროში ყველაზე ცნობილ სახელებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ბრენდზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას - იტალიური სამეფო ოჯახის ისტორიაზე, რომელთა გამორჩეულმა სტილმა მსოფლიო მოდის ისტორიაში რევოლუცია მოახდინა. Versace ერთდროულად არის თამამი, მაცდური, ძლიერი, სექსუალური და ამავე დროს ელეგანტურობის სინონიმი. მათ მიერ შემუშავებული დიზაინერული მიგნებები, გამოირჩეოდა ამბიციურობით, საკუთარი ინდივიდუალური სტილით და ფერადოვნებით, რაც დღემდე სხვა სამოდელო სახლებისგან უნიკალურობით წარმოჩინდება. ჯანი ვერსაჩეს მიერ შექმნილი იმპერია არსებობის თითქმის 45 წლის განმავლობაში ყოველთვის შთააგონებდა მოდის სამყაროს და დღემდე უცვლელად განაგრძობს სტილისა და ექსტრავაგანტურობის მოყვარულთა დაინტერესებას.
ვერსაჩე ძალიან ამაყობდა თავისი სამხრეთ იტალიური მემკვიდრეობით და მის დიზაინს ავსებდა ისტორიული მოდის და ხელოვნების მოტივებით შთაგონებული დეტალებით, განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულით. თუმცა დიზაინერის სიყვარული თანამედროვე ხელოვნებისადმი გრაფიკულ სპრინტებში გამოვლინდა რომლის შერწყმამ ისტორიულ მოტივებთან სრულიად განსხვავებული ელფერი შესძინა ყველა იმ აქსესუარს, რასაც ვერსაჩე ქმნიდა. და მათი რიცხვი უკვე 1982 წლისთვის გასცდა ტანსაცმელს, გაფართოვდა და გამოხატულება უკვე სამკაულებში, საყოფაცხოვრებო ნაწარმში, ძვირადღირებულ ავეჯში, ფაიფურსა და სახლისთვის ტექსტილში გამოვლინდა.