საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ავღანეთში, ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელშიც 4 ქართველი სამხედროს მონაწილეობა იკვეთება. წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3 600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა."აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს. ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე. ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი", -ნათქვამია განცხადებაში.