დანაზოგების არაგონივრული დაბანდება, მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ფინანსური საფრთხეები საზოგადოებაში ისევ აქტუალურია. მოსახლეობის ეკონომიკური განთლების ამაღლების მიზნით ეროვნული ბანკი კამპანიას აგრძელებს. ამავდროულად, ფინანსური რისკების მართვის მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ბაზის განმტკიცება იგეგმება. პარლამენტში უკვე შესულია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივა, რომელიც საფინანსო სექტორის არასაბანკო ნაწილზე ზედამხედველობის გამკაცრებას ითვალისწინებს. საბანკო სექტორი ქვეყანაში პირამიდა ბიზნესთან ბრძოლას პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს. ექსპერტები კი კიდევ უფრო მკაცრი და ეფექტური ნორმების შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ.ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლებისგან იზიდავს თანხებს და მათ სანაცვლოდ სთავაზობს სარგებელს, რომელიც ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს მნიშვნელოვნად აღემატება. ბიზნესის წარმოების ასეთმა სისტემამ ბოლო წლებში საქართველოს არაერთი მოქალაქე დააზარალა.