ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა "მოღალატეს" გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს, - ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე შეფასებებს, რომელიც უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო ოფიცრის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ხელისუფლების მისამართით გააკეთეს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მან უმცირესობის მხრიდან უსინდისო და მხოლოდ ბოღმაზე აგებული ბრალდებები მოისმინა. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სახელმწიფომ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადასცემოდა.