უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკაში არ ჩაცვივდნენ რუსეთის შესაძლო სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო და ჰპირდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იქნება.
მისი თქმით, აგრესორი სახელმწიფო შეგნებულად თესავს პანიკას და გაურკვევლობას მოსახლეობაში, რათა შეასუსტოს შესაძლო წინააღმდეგობა და ხელი შეუშალოს ბიზნეს ინვესტორებს.
„ეს რისკები უკვე მრავალი წელია არსებობს და ის არ გაზრდილა. მათ გარშემო აჟიოტაჟი გაიზარდა. ახლა აქტიურად თავს ესხმიან არა ჩვენს მიწას, არამედ თქვენს ნერვებს, რათა მუდმივად განგაშის განცდა გქონდეთ“, – აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტი უკრაინელებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და საკუთარი ძალების, არმიისა და ქვეყნის მიმართ რწმენა.