XX საუკუნის ულამაზეს ქალად აღიარებული ოდრი ჰეპბერნი მსოფლიო კინოხელოვნებაში განუმეორებელ მოვლენადაა აღიარებული,.მსახიობმა არა მხოლოდ სადა, ელეგანტური სტილი დაამკვიდრა, არამედ დახვეწილი გემოვნების ეტალონადაც იქცა.
თუმცა, აღიარება ჰეპბერნმა არა იმდენად გარეგნობის, რამდენადაც უბადლო ნიჭის და თანდაყოლილი არტისტიზმის წყალობით მოიპოვა, რადგან მის მიერ შექმნილი სახეები დღესაც მსოფლიო კინოს შედევრად ითვლება.
ოდრი ჰეპბერნი 1929 წლის 4 მაისს დაიბადა ბრიუსელში. დედისგან - ბარონესა ელვა ვან ჰემსტერისგან მომავალმა მსახიობმა არისტოკრატული ელეგანტურობა, მამისგან - ჯოზეფ ჰეპბერნ-რასტოსგან კი, ინტელექტი და მახვილი გონება მიიღო მემკვიდრეობად. მართალია, ჰეპბერნი ყოველთვის მადლიერებით იხსენებდა ევროპაში გატარებულ წლებს, მაგრამ სინამდვილეშიძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რადგან საკუთარ თავზე გამოცადა ნაცისტური რეჟიმის მთელი სისასტიკე, თუმცა ვერც შიშმა, ვერც მუდმივმა დევნამ ვერ შეძლო მისთვის რწმენისა და იმედის წართმევა.
ომის დასრულების და დედასთან ერთად ამსტერდამში გადასვლის შემდეგ, ოდრიმ კონსერვატორიაში ჩააბარა და საბალეტო სკოლაში გააგრძელა სწავლა, თუმცა საბოლოოდ მაინც მსახიობობა არჩია. ჰეპბერნის დებიუტი 1948 წელს შედგა სასწავლო ფილმში „ჰოლანდიური შვიდ გაკვეთილში“ (Nederlands in 7 Lessen), რამდენიმე წლის შემდეგ კი, ჯერ ბრიტანულ დრამაში „გასაიდუმლოებული ადამიანები“ (The Secret People), მერე თეატრალურ დადგმაში „ჟიჟი“ შეასრულა მთავარი როლი და Theatre World Award-ის პრესტიჟული პრემიაც დაიმსახურა.
ევროპაში მოპოვებული წარმატების შემდეგ ჰეპბერნმა ჰოლივუდში მოსინჯა შესაძლებლობები და ძალიან გაუმართლა, რადგან მელოდრამების ცნობილი ოსტატის უილიამ უაილერის არაჩვეულებრივ კომედიაში „რომაულ არდადეგებში“ მიიღო მთავარი როლი.