არასრულკბილიანთა რაზმის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური წარმომადგენელი ზარმაცა, რომელმაც ზანტი ცხოვრების წესის წყალობით მიიღო ნაკლებად სასიამოვნო სახელი, ახლო ნათესავად მხოლოდ ჭიანჭველაჭამიას მიიჩნევს, თუმცა, გარეგნული მახასიათებლებით აბსოლუტურად განსხვავდება მისგან.საშუალო გაბარიტების ზარმაცა, რომელიც დაახლოებით 50-60 სანტიმეტრამდე იზრდება და 4-6 კილოგრამს იწონის, აგებულებით მაიმუნს ჰგავს, რადგან მასავით გრძელი კიდურები, მოქნილი თითები და შედარებით მცირე ზომის თავი აქვს, თუმცა საკმაოდ გრძელი, ხშირი და ბანჯგვლიანი, მუდამ აწეწილი ბეწვით თივის ზვინს ჩამოჰგავს.