საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ ეტაპზე, სასამართლო სისტემიდან მიდის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაზა თავაძემ განუცხადა, მუშაობას გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ში სამართლებრივი ექსპერტის პოზიციაზე გააგრძელებს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ერთხელ უკვე ვიღებდი მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ კვლავ ვცადო ბედი აღნიშნულ სასამართლოში შესაბამის ვაკანსიაზე, თუმცა მომავალში ვნახოთ. თავის დროზე იყო შეკითხვები სამართლის მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებით, რომელზეც განათლების ხარისხის მართვის ცენტრმა გასცა ამომწურავი პასუხი რამდენიმე თვის წინ და შესაბამისად, აღიარა სამართლის მაგისტრის ხარისხის არსებობა ჩემთან მიმართებაში. ვნახოთ, მომავალში ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც სასამართლოს მიმართულებით... რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ამ ეტაპზე გახლავართ გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ს სამართლებრივი ექსპერტი, სადაც უფლებამოსილების სრულ განხორციელებას შევუდგები სამოსამართლეო ვადის გასვლის შემდეგ“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.
მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას მის შემცვლელთან დაკავშირებით. როგორც ზაზა თავაძემ აღნიშნა, „სრულად არის შესაძლებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე გამჭვირვალედ შეირჩეს“.